„ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონთან დაკავშირებით ალტერნატიული ინიციატივა წარადგინა. მან, ბიუროს თავმჯდომარეს ალტერნატიული კანონპროექტის განხილვის მიზნით, ბიუროს სხდომის ჩანიშვნა სთხოვა იმისთვის, რათა პარტიას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა მიეცეს.
„პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანი, 2 წლის წინ ნდობა გამოუცხადა და ახლა იმიტომ, რომ მისი სახლში გაშვების კანონიერი მექანიზმი კანონმდებლობაში არ არსებობს, რეფორმა უნდა ჩაატაროთ. კიდევ ერთხელ ვაყენებ საკითხს, მით უმეტეს, რომ ამხელა რეფორმაა, გავიაროთ კონსულტაციები შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან, ვენეციის კომისიასთან და ოდირთან. თუ ასეთი კარგია თქვენი რეფორმა, იტყვის ის ხალხი და ჩვენ გავჩუმდებით, ბოდიშს მოვიხდით და ვიტყვით, რომ რაღაც შეგვეშალა. აქ არა მხოლოდ გაუქმებაზეა საუბარი, პარლამენტის მიერ 6 წლით არჩეული დამოუკიდებელი თანამდებობის პირის სახლში გაშვებაზეა საუბარი. არდაწერილი სტანდარტია და დასაბუთებაც არ გვაქვს. მაშინ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არ მოგვწონს, ვთქვათ ეს ღიად! ლონდა თოლორაიაზე კი არ არის საუბარი, პრინციპზეა საუბარი, რა სტანდარტს ვამკვიდრებთ.
აქვე, ფრაქცია „ლელოს“ სახელით, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ვისარგებლოთ რეგლამენტის 108-ე მუხლით, რომელიც ეხება ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას. როგორც რეგლამენტში არის ჩაწერილი, იმ წუთიდან, როცა ბიურო დაიწყებს პროცედურას კანონპროექტის განხილვისა, ამ მომენტიდან საკომიტეტო მოსმენამდე, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წინადადების დაყენების უფლებამოსილება. მე თან მაქვს ალტერნატიული წინადადება სახელმწიფოს ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.