დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების კლების ტენდენცია შეინიშნება, ზრდის მაჩვენებელი შეჩერდა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში კორონა ვირუსის გავრცელების პიკი თითქმის გადავიტანეთ.
„შემზღუდველი ღონისძიებების პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. გამოჩნდა, რომ პიკი თითქოს უკვე გადავიარეთ. პიკში ვიყავით ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია და თვითდამშვიდების საბაბი არ არის. რადგან, ძირითადად, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული – შემზღუდველი ღონისძიებები, რომლებიც იძლევა ეფექტს, გაფართოებული ტესტირება, ხელმისაწვდომობა და დროული იზოლაცია „კოვიდ“-დადებითი ადამიანების, მათ შორის მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, გაფართოებული ტესტირების ფონზე, ამ კვირაში ჩვენ შესაძლოა, კიდევ დაფიქსირდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირებულთა ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბებს.