ენტონი ფაუჩი: Covid19-ის შემთხვევები გაიზრდება, რადგან „ომიკრონი“ მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი Covid19-ის შემთხვევების კიდევ უფრო მომატებას პროგნოზირებას, რადგან „ომიკრონი“ მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის კომენტარს CNBC ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, ყოველკვირეული საშუალო მონაცემი აშშ-ში იყო დაახლოებით 150,000 და, სავარაუდოდ, რაოდენობა კიდევ მოიმატებს.

„განსაკუთრებით ვღელავთ არავაქცინირებულებზე. ეს არის ყველაზე დაუცველი ჯგუფი, როდესაც თქვენ გაქვთ ვირუსი, რომელიც უპრეცედენტოდ სწრაფად ვრცელდება“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ში ეს შტამი უკვე დომინანტურია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემით, წინასაშობაო პერიოდში სულ 51 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო დეკემბრის შუა პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება.

წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.