„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, მედიასთან აცხადებს, რომ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია, ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული - გამოძიება და პერსონალური მონაცემები და დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში. მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. ამას არ გავშლი. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური. ჩვენ არავითარი პრობლემა ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების მოსალოდნელი გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.