27 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტს წარადგენს და მის დაჩქარებული ვადებით მიღებას ითხოვს.
ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ბიუროს შესაბამისი თხოვნით მიმართა.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა უკრაინის საზღვართან და რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენი შემოთავაზებაა, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ეს ჩვენი გამოწვევაც არის და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ასევე მინდა დავაფიქსირო, რომ თუ ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება რაიმე რეკომენდაცია, შენიშვნა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. ვიმსჯელოთ და მხარდამჭერი აქტი მივიღოთ მაქსიმალურად სწრაფად, ჩვენი თხოვნა იქნება, რომ იქნება დაჩქარებული ვადებით მივიღოთ ეს რეზოლუცია“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა.
საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროში წარდგენამდე, კონსულტაციების აუცილებლობაზე მიუთითა და დაამატა, რომ მსგავსი წინადადებები
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხი, ჩვენს კომპეტენციაში შემოდის, ამიტომ ვითხოვე სიტყვა. ამ კეთილშობილურ იდეასთან დაკავშირებით, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს. თუმცა კარგი იქნება, თუ ინიციატორები წინასწარ გაივლიან კონსულტაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან, რადგან თუ სწრაფად გვინდა ამის მიღება, ჯობდა, რომ მეც მცოდნოდა. ასევე, რამდენიმე დღის წინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ხუთ სხვა კომიტეტთან ერთად მხარი დაუჭირა მსგავს განცხადებას, ამასაც გეტყოდით, კომუნიკაციის ნაკლებობაა. ინიციატივა კარგია, მაგრამ ჯობს, პროფილურ კომიტეტთან კონსულტაციები იყოს ხოლმე გავლილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
თავის მხრივ, გიორგი ვოლსკიმ, რომელიც ბიუროს სხდომას უძღვებოდა, აღნიშნა, რომ კოლეგები პოლიტიკურ ნიშნის მოგებას და შეჯიბრს თავს დაანებებენ. „ზედაპირულად რომ არ მივუდგეთ ალბათ, ეს ჩვენი საერთო შეხედულებაა. იმედია, საგარეო კომიტეტში ამ საკითხს უახლოეს მომავალში განიხილავთ“, - დაამატა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.