პოლონეთის პრეზიდენტმა მედიის საკუთრების შესახებ სადავო კანონპროექტს ვეტო დაადო

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ვეტო დაადო მედიის საკუთრების შესახებ სადავო კანონპროექტს, რომელიც კრიტიკოსების თქმით, მიზნად ისახავდა ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არსებული, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას.

BBC-ის ცნობით, კანონი ხელს უშლიდა ევროპული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მყოფ კომპანიებს, პოლონეთში ემართათ მედიასაშუალება.

მაგალითად, კანონის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ში დაფუძნებულ Discovery ჯგუფს მოუწევდა თავისი წილის გაყიდვა მის კუთვნილ საინფორმაციო არხ - TVN24-ში.

ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ კანონი მიზნად ისახავს მტრული სახელმწიფოების გავლენის შეზღუდვას.

მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა (PiS) აცხადებდა, რომ უცხოური კორპორაციები ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობენ პოლონურ მედიაზე და ამ თვის დასაწყისში კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს.

მაგრამ კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი გამიზნული იყო TVN24-ზე, პოლონეთის ყველაზე ყურებად საინფორმაციო არხზე, რომლის რეპორტიორებიც ხშირად აკრიტიკებენ კონსერვატიულ მთავრობას.

„გავიზიარე ჩემი თანამემამულეების უმრავლესობის მოსაზრება, რომ არ გვჭირდება კიდევ ერთი პრობლემის გამომწვევი საკითხი, არ გვჭირდება მეტი უთანხმოება", - განაცხადა დუდამ.

TVN Grupa Discovery-ის მენეჯმენტი პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას პოლონეთში თავისუფალ მედიაზე უპრეცედენტო შეტევად აფასებენ. Discovery კი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტმა ინვესტორების შეშფოთება უნდა გამოიწვიოს.