უკრაინაში ძალაში შევიდა თავდაცვის სამინისტროს ბრძანება, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროფესიის ქალები ვალდებულნი არიან, ჯარში დარეგისტრირდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცვლილებები შეეხება 35 სფეროში მომუშავე ქალებს, მათ შორის სხვადასხვა პროფესიას და ქალებს მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს გაიწვევენ. თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ეს პრაქტიკა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის საკითხთან კავშირში არ არის და ამ მეთოდით NATO-სთან დაახლოებას ცდილობენ.
თავდაცვის სამინისტრომ ბრძანება 2021 წლის 3 დეკემბერს დაარეგისტრირა. ჯარში გაწვევის ასაკი სავარაუდოდ 18-60 იქნება. თავის მხრივ, დამსაქმებელს, რომელიც არ აკონტროლებს მისი თანამშრომლების სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტაციას, ჯარიმის გადახდა მოუწევს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი ნატალია ვორონკოვა აცხადებს, რომ პროფესიების ჩამონათვალში თითქმის ყველა შედის, დაწყებითი კლასების მასწავლებლების, მონაზვნებისა და ღამის კლუბებში მოცეკვავეების გარდა.
„ამიტომ ახლა ყველამ უნდა ავიღოთ პასპორტი, საიდენტიფიკაციო კოდი, ქორწინების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობები და წავიდეთ სამხედრო კომისარიატში“, - აღნიშნავს ნატალია ვორონკოვა.
როგორ შეხვდნენ სიახლეს უკრაინელი ქალები, რადიო თავისუფლების ცნობით, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორია ვოიციცკაია სამხედრო კომისარიატში უკვე იყო.
„მკითხეს განათლების შესახებ და ვუპასუხე, რომ ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული: საბანკო საქმე და ფინანსები. მითხრეს, რომ სწორედ ფინანსისტები სჭირდებათ. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან მშვენივრად მესმის, რომ ქვეყანა საომარ ვითარებაშია, შეიძლება დახმარება გახდეს საჭირო“, - ამბობს რადას ყოფილი დეპუტატი.
საბუთების შეგროვებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა, დააყენებენ თუ არა მას აღრიცხვაზე. პროცედურა იგივეა, რაც კაცების შემთხვევაში.
ცნობისთვის, ისრაელში ქალები 24 თვე მსახურობენ ჯარში, კაცები - 30.