სახალხო დამცველის მოადგილე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: ეს გადაწყვეტილება „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში

"ესაა ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც „სანიმუშოდ“ ჩაიწერება ამ პარლამენტის ისტორიაში", -ასე შეაფასა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.

როგორც მან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე განაცხადა, ამ ინსტიტუტის გაუქმება დაუსაბუთებელია და მას ახსნა არ გააჩნია.

„არანაირი ლოგიკა და ახსნა არ აქვს იმას, რაც აქ კეთდება, ეს არის კლასიკური არაკონსტიტუციური კანონმდებლობა. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. მერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, ოღონდ ეს ისტორიის კარგი მხარე არ იქნება, ამას დანანებით ვამბობ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში ყოველთვის აღნიშნავდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სირთულე ჰქონდა, ამ სამსახურმა 2019 წლის 1-ელი ნოემბრის შემდეგ შეუძლებელი შეძლო. არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა ღამის 3-4 საათზე, ეს სამსახური მობილური იყო და თავის საქმიანობას ახორციელებდა, რათა მტკიცებულბები არ განადგურებულიყო. 2 წლის განმავლობაში ამ სამსახურზე ცუდის მთქმელი, შიგნით თუ გარეთ, სამთავრობო თუ არასამთავრობო, ოპოზიციური თუ არაოპოზიციური მიმართულებით, არ მინახავს. მცირე ხარვეზი და უკმაყოფილება შეიძლება ვიღაცას ჰქონდა, მაგრამ ამ სამსახურის საქმიანობა ყველას მხრიდან სანიმუშო იყო“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.

გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს.

ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.