შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იანვარში გამართავენ

შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იანვარში გამართავენ, ამის შესახებ AFP-ს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ორმხრივი მოლაპარაკებები 10 იანვარს არის დაგეგმილი. 10 იანვრის შეხვედრა გაიმართება სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ჟენევის სამიტზე წამოიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი ძირითადად ეძღვნება ცივი ომის შემდგომი ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებების აღორძინებას, მოლაპარაკებები ასევე მოიცავს უკრაინის საკითხს, სადაც რუსეთმა დიდი საბრძოლო ძალა განათავსა საზღვარზე.

„აშშ მოუთმენლად ელის რუსეთთან ურთიერთობას. როდესაც ჩვენ დავსხდებით სალაპარაკოდ, რუსეთს შეუძლია თავისი შეშფოთება მოლაპარაკების მაგიდასთან დააფიქსიროს და ჩვენც ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.

მოსკოვისა და NATO-ს წარმომადგენლები სავარაუდოდ 12 იანვარს შეხვდებიან, ხოლო რუსეთი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომელშიც შედის შეერთებული შტატები, 13 იანვარს გამართავენ მოლაპარაკებებს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.