გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლის დრო განისაზღვრა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც.

გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მათ კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა და ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევა.

„დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე“, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ მედიასთან.

ნიკოლოზ ყიფშიძისთვის კლინიკის დირექტორის ეს განცხადება „ძალიან აღმაშფოთებელია“

„არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი- ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის", - განაცხადა ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა.

ამასთან, ადვოკატ ბექა ბასილაიასთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეეზღუდოთ მიხეილ სააკაშვილის ნახვა ვიზიტორებს.

„ჰოსპიტლის დირექტორის დღევანდელი პერფორმანსი რას ემსახურებოდა საერთოდ გაუგებარია. ექიმი, ნინო გოგორიშვილი თვითონ გამოვიდა მედიასთან და ძალიან მკაფიო განმარტება გააკეთა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასრულდა