პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძეს მოუსმინეს. კანდიდატს განსაზღვრული დროის ფარგლებში კითხვები დაუსვეს ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებმა და ასევე უფრაქციო დეპუტატებმა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განათლება არანაირ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, მე თქვენს განათლებაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ რომ აღარ არსებობს უნივერსიტეტი, რომელიც კანდიდატმა დაამთავრა, ეს ცოტა უცნაურია, - მიმართა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.
„ეს უნივერსისტეტი რომ არ არსებობს, ჩემი ნაკლი ნამდვილად არ არის. მეც ვწუხვარ და ნამდვილად კარგი იქნებოდა, არსებულიყო“, - განაცახდა ამირან ძაბუნიძემ.
ამავე სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ და იკითხა, არსებობს თუ არა ახლა მის ბიოგრაფიაში ჩაწერილი ბიზნესისა და სოციალური ეკონომიკის მართვის უნივერსიტეტი.
„ფასიანი იყო, ღირებულება არ მახსოვს. ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა. 2 თუ 3-სართულიანი იყო. უნივერსიტეტი, მგონი, ბოლო სართულზე იყო განთავსებული. განხორციელებულ რეფორმების შემდეგ კი აკრედიტაცია ვერ გაიარა. ახლა არ არსებობს. დაახლოებით 2005 წლამდე იარსება ალბათ, არ ვიცი. რექტორი იყო ალფრედ კურატაშვილი“, - განაცხადა ამირან ძაბუნიძემ.
ამირან ძაბუნიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2021 წლის 20 დეკემბერს წარუდგინა.