გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი უარყოფს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ექიმი ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ მოხდება, მაშინ რეკომენდებულია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.
ნინო გოგორიშვილის თქმით, გვარამიას განცხადებები ჰოსპიტლის და მისი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„დღეს პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია, გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც შემაცდინა. მის კითხვებზე ჩემი პასუხები იყო მოკლე, ხელმოწერის შემდეგ კი მან ტექსტი ჩემთვის უცნობი გარემოებებით განავრცო, რის შესახებაც შემდეგ პირდაპირ ეთერიდან გავიგე. აღნიშნული ფაქტი, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და მომაყენა ტრავმა. მიმაჩნია, რომ ეს განცხადება კავშირშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, როდესაც მან მკვლელი მიწოდა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის დისკრედიტაციას.
ნიკა გვარამიას განცხადებაში სიმართლე ნაწილობრივ არის, მაგრამ ასევე არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ. მე ვთქვი ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის თავისუფალი, ხოლო მას სად უმკურნალებენ ჩვენ არ გვეხება“, - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
„ამოიღეთ კამერების ჩანაწერები და დაგვანახეთ, რა განვავრცე, რა მდგომარეობაში იყო ხელმოწერისას ექიმი, რა ჩავამატე, ზეწოლა როგორ მოვახდინე შუა ჰოსპიტალში, სუსით და ბადრაგით გარშემორტყმულ სივრცეში. ვიმეორებ, ყველა პუქტზე მისი ხელმოწერაა. ჯამურად დოკუმენტზეც მისი ხელმოწერაა ტექსტით: „შედგენილია ჩემი კარნახით. ყველა ჩასწორება და კორექტირება გაკეთებულია ჩემი მითითებით“.
ამის შემდეგ, მნახველების შეზღუდვა ყველაფერს ცხადყოფს და ასევე წამების სპირალის კიდევ ერთი ხვეულია. ნინო გოგორიშვილი შოკში თუ სადმე იყო, იყო მთავარი ექიმის ბრიფინგის დროს, ძალით გამოყვანილი და ძალით ტყუილების მოლაპარაკე. ისევე, როგორც ფორმა ასზე და სააკაშვილის გაწერაზე ძალით ხელისმოწერისა“, - აცხადებს ნიკა გვარამია.