საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა თებერვლიდან მოიხსნება

თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ანტიკრიზისული დახმარების შედეგად, ძალიან პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით.

„პანდემიის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება და ერთი დღითაც არ შეფერხებულა სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხებულა, მათ შორის არც აეროპორტების გაფართოების პროექტები.