ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირების შემთხვევები ერთ კვირაში 11%-ით გაიზარდა.
ამასთან, წინა, 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 4%-ითაა შემცირებული.
WHO-ს ინფორმაციით, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა ყველგან, აფრიკის(+72%) და ამერიკის(+7) გარდა.
გასულ ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 39%-ით გაიზარდა ამერიკაში, 7%-ით აფრიკაში და 3%-ით ევროპაში. მსოფლიოს სხვა რეგიონებში ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირებული იყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონ“-ის გავრცელებით გამოწვეული საერთო რისკი ისევ ძალიან მაღალია, რადგან ეს სახეობა „დელტა“-სთან შედარებით, 2-3 დღეში ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება. იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ უკვე დომინანტი ვარიანტია, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, დაავადების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება, თუმცა, სამხრეთ აფრიკაში, სადაც „ომიკრონი“ პირველად აღმოაჩინეს ნოემბრის შუა რიცხვებში, ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება.