კახა კალაძე: მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს 2020-21 წლის საურავები ჩამოეწერებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს ჩამოეწერებათ 2020-2021 წელს დაკისრებული სანქცია-საურავები და ამ წლების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“საშეღავათო პროგრამაში ხვდებიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც სანქცია-საურავები უნდა ჩამოვაწეროთ და გავათავისუფლოთ 2020-21 წლის იჯარის გადასახადისგან.

სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა აღნიშნულმა სუბიექტებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართონ, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით სარგებლობა შეძლონ”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით აღნიშნული პროგრამა საკრებულომ გუშინ, 28 დეკემბერს დაამტკიცა.