„როგორ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, დღეს დარბაზში არ იყოს და არ გვეუბნებოდეს, რაშია, საქმე, სად წავიდა, რატომ წავიდა, სად არის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს“, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში კოლეგებს მიმართა.
„ძალიან ღრმად მჯერა, რომ ამ ინსტიტუტის და ამ ინსტიტუტთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა და შებღალვა ამ სკამში მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით თუ შემთხვევით მოხვედრით არ ხდება. იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს და შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოს ამ სკამზე სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით.
სამწუხაროდ, ამ პარლამენტში, სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში, მეორედ გავხდით მოწმე იმ სავარძელიდან არსწორი ადგომის იმ ადამიანის, რომელსაც არა პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება, არამედ სახელმწიფოს თანამეთაურობა ევალება.
მე ძალიან ვწუხვარ, რომ ორ ძალიან კვალიფიციურ ადამიანს ასე არასწორად მოუწია აქედან ადგომა და ამით ზიანი მიაყენა ამ ინსტიტუტს და ქვეყანას. ასე ვერ შენდება საპარლამენტო სუვერენიტეტი, პირიქით, კნინდება მისი როლი.
ასე მოქცევა არ შეიძლება, ძირს ვუთხრით სახელმწიფოებრიობას. როგორ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, დღეს დარბაზში არ იყოს და არ გვეუბნებოდეს, რაშია, საქმე, სად წავიდა, რატომ წავიდა, სად არის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.