„დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და იქნება ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის განათლება და სამუშაო გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ თავისი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს.
„გარდა პროფესიონალიზმის, შალვა არის უაღრესად წესიერი ადამიანი და სამართლიანი, პრინციპული ადამიანი, ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარეს და ეს არის ის თვისებები, რომლის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არჩევანი შეაჩერა შალვა პაპუაშვილზე, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მისი წარდგენის შესახებ“, - აღნიშნა კობახიძემ. მან ყოფილ სპიკერზეც ისაუბრა.
„თამამად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ კახა კუჭავა იყო ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც რთულ დროს გამორჩეულად, სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას. მოხარული ვარ, რომ ბევრი საქებარი სიტყვა და მადლობის სიტყვა მოვისმინეთ არამხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდანაც. მახსოვს მისი არჩევის დროს არამარტო აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადებაც კი კახა კუჭავას მიმართ და დღეს, ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა.
მოგიწოდებთ, რომ კარგად დააკვირდეთ მინიმუმ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ სამომავლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ის ბევრ მადლობის სიტყვას დაიმსახურებს, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.