ლონდა თოლორაია: ახლა ჩემი მიზანია, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას

ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, მის წინააღმდეგ „ბოტ-ტროლების საშუალებით ძალიან ბინძური კამპანია არის დაწყებული“.

„მე მათ მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მისი საქმიანობის მიმართულებით მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ დაბრკოლებებს. ვისაუბრეთ კონკრეტულ მაგალითებზე, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ჩემი მიზანი ახლა არის ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ მათ არადემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის გამო, რომელსაც დღეს ან მაქსიმუმ ხვალ მიიღებენ. ჩემს წინააღმდეგ ბოტ-ტროლების საშუალებით ძალიან ბინძური კამპანია არის დაწყებული. მე მართლა მქონდა იმედი დარჩენილი, რომ რაღაც წითელი ხაზები კიდევ იყო დარჩენილი, რომელზე გადასვლაც არ შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი ასეთი ხაზები არ არსებობს. მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ ეს საშინელი ბინძური კამპანია შეწყდეს“, - განაცხადა თოლორაიამ.