მედიის ცნობით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. მათივე განმარტებით, პენიტენციური სამსახურის მანქანები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გვიან ღამით შევიდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამთენიისას შეიყვანეს.

ციხის მიმდებარედ შეკრებილები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. ადგილზე იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.