"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მსუბუქი სასჯელი აქვს შეფარდებული. ამის შესახებ მან სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანაზე საუბრის დროს თქვა.
"მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა. ეს არის 6 წელი, რაც არის მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან უნდა მოიხადოს, ბუნებრივია, ამისთვის სასჯელი. შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და აქვთ შეფარდებული ზოგს 8 წელი", - აღნიშნა მან.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორი კვირის წინ დასრულდა.
"როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაცია", - თქვა კობახიძემ.
მას ჰკითხეს იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის შურისძიება, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:
"რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?! საერთოდ პოლიტიკიდან არის დისტანცირებული... ეს არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია".
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს ღამის საათებში გადაიყვანეს. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის გადაყვანა რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ დილით დაადასტურა. სააკაშვილი ნახეს მისმა ადვოკატებმა.