ევროკავშირის და NATO-ს სიმბოლოების შებღალვისთვის სანქცია დაწესდა

საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სანქცია წესდება ოფიციალური სიმბოლოების შებღალვისთვის, 83 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

ევროკავშირის, NATO-ს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.

ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით ან - ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ბადრი ჯაფარიძე.

ამ ინიციატივას 6 ივლისს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა უძღოდა წინ. დროშა, იმჟამინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ 7 ივლისს, პარლამენტთან დროშა თავად აღმართა.