პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ შესაბამისი ორგანოებისგან ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.
„სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით რვა ახალგაზრდა კაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიასა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის შვილსაც. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ „მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.