ამერიკის მთავრობისთვის საქართველოში ყოფნის მიზანია, საქართველო გახდეს წარმატებული ქვეყანა, აცხადებს ამერიკის ელჩი. კელი დეგნანის თქმით, ნამდვილად გამოწვევებით სავსე წელი იყო, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ერთმანეთს ნამდვილად ვჭირდებით.
ელჩმა დეზინფორმაციის პრობლემაზეც ისაუბრა.
„დეზინფორმაციის ავტორები საკმაოდ საინტერესო ტაქტიკას იყენებენ, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს საკითხი საქართველოში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აქვე, რუსეთია მეზობლად. და მაინც, ვფიქრობ, ქართველები საკმაო სიფრთხილით ეკიდებიან დეზინფორმაციას. ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის ნაკადებს წლების განმავლობაში არიან მიჩვეულნი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
„ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება, მარტო გაუმკლავდეს ისეთ პრობლემას, როგორიც პანდემიაა. ვფიქრობ, ქართველებს საოცარი გამონათქვამი გაქვთ - „ძალა ერთობაშია“, ნამდვილად ერთიანობაშია სიძლიერე. კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ მიგვახვედრა, თუ რამდენად გვჭირდება ყველას მეგობრები.
ბევრი მიმართულებით დავინახეთ, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში სირთულეების დროს. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთად მოვახერხეთ ბევრი კარგი რამის გაკეთება გასულ წელს, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
„გაწეული შრომა და ენერგია მოხმარდეს ძლიერი, სტაბილური დემოკრატიის მშენებლობას, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ყველა პროგრამა. უპირველესი და მთავარია, რომ ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი ევროპასთან ინტეგრაციისა და NATO-ს წევრობისკენ. ამერიკის მთავრობა ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე ეს არჩევანი არსებობს.
ჩვენ ლობირებას ვუწევთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით ქვეყანას, რათა მიაღწიოს NATO-ს მაღალ სტანდარტებს, ვეხმარებით ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესში.
თქვენ იცით, რომ NATO გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, ამიტომ აუცილებელი საქართველოს სამხედრო სტანდარტების კუთხით მუშაობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას NATO-სთან.
იცით, რომ თითქმის 20 წელია, ვმუშაობთ საქართველოს სამხედრო ძალებთან გადამზადების და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში. პროგრესი ნამდვილად სახეზეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში, ისინი წლებია, აქტიურად მუშაობენ ტრენინგ პროგრამების დახმარებით ამერიკის მთავრობასთან და NATO-სთან ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ატარებენ წვრთნებს არამარტო ადგილობრივი თავდაცვის ძალებისთვის, არამედ ორგანიზებას უწევენ მრავალეროვნული სწავლების პროგრამების ჩატარებას, როგორიც არის მაგალითად პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“.
ეს მასშტაბური პროექტებია, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე თავად მართავენ ძალიან ეფექტურად და ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებენ თავდაცვის სისტემის გაძლიერების პირობის შესრულებას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ერს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს თავისი ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების მოწყობის მოდელი.
„საქართველომ უკვე გააკეთა ეს არჩევანი, რაც გახლავთ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვა. ჩვენც 20 წელია, ვეხმარებით ქვეყანას, მიაღწიოს სამხედრო და პოლიტიკურ მაღალ სტანდარტს, გაძლიერდეს დემოკრატია, აღსრულდეს კანონის უზენაესობა, გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. NATO-ს წევრმა ქვეყანებმაც გაიარეს ეს პროცესი და ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოსაც, რომ მიაღწიოს ყველა ამ საჭირო სტანდარტს“, - აცხადებს ამერიკის ელჩი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.