ისრაელმა აშშ-სგან $2 მილიარდის ღირებულების ავიაციის შეძენის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

ისრაელმა აშშ-სთან ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

გარიგება 12 ვერტმფრენის Ch-53K-ისა და საწვავით უზრუნველყოფის ორი თვითმფრინავის, Boeing KC-46-ის შესყიდვას ითვალისწინებს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ასევე დამატებით ექვსი ვერტმფრენის შეძენის შესაძლებლობა.

ვერტმფრენების მიწოდება 2026 წლისთვის დაიწყება, თვითმფრინავების კი 2025-შია მოსალოდნელი.

ისრაელის ბრიგადის გენერალი შიმონ ცენციპერი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, ქვეყანა ოთხი Boeing KC-46-ის შეძენას შეძლებს.

ისრაელის მედიის ვარაუდით, საწვავით უზრუნველყოფის თვითმფრინავებმა შესაძლოა, საკვანძო როლი ითამაშონ შორი მანძილის ოპერაციებში ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ.

ისრაელმა ადრე განაცხადა, რომ დარტყმებს განახორციელებს ასეთი ობიექტების წინააღმდეგ, თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის. თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.