Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი 2021 წელს აჯამებს.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერის შეფასებით, საკმაოდ დაძაბული წელი იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში.
„ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი და წარმატებული წელი გახლდათ. ევროკავშირის მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებით, სამწუხაროდ, საქართველოსთვის წარმატებული არ გამოდგა.
სამწუხაროდ, მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რატომაც ჩავარდა ეს შეთანხმება, ქართულ მხარეს ეკისრება. თუმცა შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ამ სახის არც თუ ისე კარგი გამოცდილება, რათა ორივე მხარემ უფრო მეტს მივაღწიოთ. იმედი მაქვს, საქართველოს პრეზიდენტის ბოლო განცხადება პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრის შესახებ, ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მეორე მხრივ, ევროკავშირი იწყებს იმის დემონსტრირებას, რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების ტრიოს პლატფორმა, რამაც ამ ქვეყნების უფრო სწრაფ ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი.
ეს ძალიან საჭიროა იმისთვის, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა გააცნობიერონ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერისთვის, ევროკავშირთან დასაახლოებლად ძალიან სტრატეგიული მიზნები და შესაძლებლობები არსებობს. თუ ქართული პოლიტიკური პარტიები ვერ გაააცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმპულსი, ძალიან ცუდი იქნება.
ჩემი რჩევა მათ მიმართ ასეთია, რომ დაძლიონ შიდა დაპირისპირება, პოლარიზაციის და მართლმსაჯულების პოლიტიზების პრობლემა. ეს მართლაც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეეცადოს, არ კონცერტრირდეს მხოლოდ ერთ საკითხზე (რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმის სამართლიანად წარმართვა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება).
თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პოლიტიკური გაერთიანება ასევე უნდა ეძებდეს შესაძლებლობას, ესაუბროს ქართველ ხალხს არამხოლოდ სააკაშვილზე, არამედ საქართველოს მომავალზე, ინტეგრაციაზე, რეფორმებზე და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ჩვენ, აქ, ევროპარლამენტში ვცდილობთ, მივაღწიოთ იმას, რომ ევროკავშირმა მისცეს ბევრად უფრო ამბიციური შესაძლებლობა ტრიოს ქვეყნებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაცია დაჩქარდეს.
განსაკუთრებით - ე.წ. ერთიანი ბაზრის მიმართულებით, საჭიროა ბიძგი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შეუძლიათ ამაზე შეთანხმდნენ, რაც სამივე ქვეყანას ბევრ სარგებელს, ბევრად უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მოუტანს და წაახალისებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, კონცენტრირდნენ არა შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ დღის წესრიგზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას მართლაც პოზიტიურად შევაფასებდი. მასში საუბარია ასოცირებული ტრიოსა და უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე შემოაქვს ძალიან კონკრეტული ახალი წინადადება ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური დახმარების შესახებ.
ჩვენ ასევე მოუთმენლად ველით მომავალ წელს, როდესაც გვექნება შესაძლებლობა, შევიმუშაოთ უფრო ამბიციური გრძელვადიანი დღის წესრიგი ერთიანი ბაზრის მიმართულებით, რასაც ბევრი კარგი გეოპოლიტიკური შედეგი მოჰყვება“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან.