კელი დეგნანის თქმით, ქართველი პარტნიორების დახმარებას აშშ-ის საელჩო მრავალი პროგრამის ფარგლებში განაგრძობს

ამერიკის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ქართველი პარტნიორების დახმარებას აშშ-ის საელჩო მრავალი პროგრამის ფარგლებში განაგრძობს. ამის შესახებ ელჩი დიპლომატიური წარმომადგენლობის ვიდეომილოცვაში საუბრობს.

„წელსაც ბევრი გეგმა გვაქვს, 2022-ში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესაც ვიზეიმებთ. მრავალი პროგრამის გარდა, რომელიც გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ეკონომიკური აღდგენისკენ მიმართულ დახმარებას, ჩვენ ბევრს გავაკეთებთ ჩვენს შორის ყველაზე დაუცველთა დასახმარებლად“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.

საახალწლო სურვილებზე საუბრისას, ელჩმა და მისმა მეუღლემ დუგლას მორისმა ვიდეოში აღნიშნეს, რომ ეცდებიან, უფრო მეტი გააკეთონ მათზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანებისთვის და ამისკენ სხვებსაც მოუწოდეს.

„აშშ-ის საელჩო დაეხმარება ჩვენს ქართველ პარტნიორებს ახალი სკოლის გახსნაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას პედიატრიულ საავადმყოფოს და ააშენებს სახლებს მთაში მცხოვრები ხანდაზმულთათვის. ეს ჩვენი პროექტების მცირე ჩამონათვალია. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“, - აცხადებს ამერიკის ელჩი.