პიროტექნიკის გამოყენებისას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მონაცემებით, თბილისში ამ მიზეზით სულ რვა პაციენტს დასჭიტდა დახმარება, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს. რადიო თავისუფლების ცნობით, მათგან 6 ადამიანი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ჰოსპიტალიზებულია.
საქართველოს რეგიონებში ამ დროისათვის აღრიცხულია პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა, კლინიკაში გადაყვანილია 13 პაციენტი.
მაგალითად, „კლინიკა რუსთავში“ ახალი წლის ღამით 6 პაციენტი მიიღეს და როგორც გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მოდებაძემ განუცხადა „ინფორუსთავს“, პიროტექნიკის არასწორი მოხმარების გამო მათ ძირითადად კიდურები დაუზიანდათ. ზოგიერთს დასჭირდა გადაუდებელი ოპერაციაც.
მისივე თქმით, ამ ექვსი პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაზარალებულებს შორის არიან ბავშვებიც.
გარდა პიროტექნიკით დაზიანებისა, ახალი წლის ღამით, საქართველოს მასშტაბით საკვებით მოიწამლა 38 ადამიანი. ჰოსპიტალიზებულია 12 პაციენტი. ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იყო 145.