მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განაცხადებით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

„სააკაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მასთან მიმართებაშიც, დეტალურად გამოიკითხა და ფიქრობს, რომ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რათა შეანელოს გამოძიების პროცესი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, მათ შორის დააყენებს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება 50 ოპოზიციონერი პარლამენტარი დეპუტატისადმი მათაც შეაფასონ ეს მდგომარეობა“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ამასთან, სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ექიმების დამოუკიდებელ ჯგუფს არ ეძლევა სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა და დაუცველია ადვოკატებთან მისი შეხვედრის კონფიდენციალურობა.

იანვარს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატებმა, შოთა თუთბერიძემ და ბექა ბასილაიამ მედიას განუცხადეს, რომ თუ ეს პრობლემები 6 იანვრამდე არ მოგვარდება, მიხეილ სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, თუმცა, კონკრეტულად რა ფორმაზეა საუბარი, ჟურნალისტებისთვის უცნობია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში