ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა

სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საკითხი ადმინისტრაციამ განცხადებით განმარტა.

„29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა.

სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს.

პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით. კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ცერემონია 29 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და დაჯილდოვდნენ როგორც 2021 წლის ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატები, ასევე 2020 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატები, რადგან გასულ წელს, პანდემიის გამო, დაჯილდეობის ცერემონია ვერ ჩატარდა.

შეგახსენებთ, სხვადასახვა მედიაში გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა, კერძოდ, ჯილდო წიგნისთვის "ოფიცრის ატლასი" თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს ერგოთ. მედიის ინფორმაციით, ნოდარ ხორბალაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ივერი მელაშვილისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.