კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: არაერთი უზუსტობაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებაში არაერთი უზუსტობაა და ამის მიზეზი შეიძლება იყოს თანამშრომლების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთლიანობაში ეს განცხადება არასამართლიანია, არის ფაქტობრივი უზუსტობები და ტექნიკური შეცდომები, რაც სამწუხაროა და ის უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს. მისი თქმით, არასწორია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, ის არ გაუქმებულა და სინამდვილეში მოხდა გაყოფა.

„ძალიან ხშირად ვიღებთ ხოლმე რჩევებს და ვითვალისწინებთ და სამწუხაროდ, არის ხოლმე გამონაკლისი, როდესაც ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს ამის მორიგი მაგალითია. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის არასწორი ინფორმაცია...თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის ახსნა და არც განმარტება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ“, - აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამავე თემაზე:

ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა

ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა და სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა