ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს.

„შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქნება, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამაზე გუნდში იმსჯელებენ.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეიძლება ეს ცუდიც არ იყოს და შესაძლოა, ამ ხმების შევსებაზე ვიფიქროთ. ეს კომისია მარტივად დაადგენს არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის დრო არის თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება სესია. მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში პარლამენტში შევლენ, კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს მათი განცხადებები არ აინტერესებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკკემბერს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.