პეტრე მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპეციალურად განკუთვნილ ზოლებში სავარაუდოდ, ორმხრივად იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც 2022 წელსაა დაგეგმილი, თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. რეაბილიტაცია შეეხება ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე მონაკვეთს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მიმავალი ავტობუსი კოსტავას ქუჩასა და ვარაზის ხევს აღარ გაივლის და მელიქიშვილის გამზირზე იმოძრავებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ასევე მედიაში გავრცელდა, სამუშაო ოთხი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
ამჟამად, მელიქიშვილის გამზირი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ცალმხრივია და გზის მარჯვენა მხარეს გამოყოფილია ავტობუსის ზოლი.