ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ინიციატივას, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხარს არ უჭერს

პარტია „საქართველოსთვის“ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხარს არ უჭერს.

ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის მზად არის, გააუქმოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" მზადაა, ვიწრო პარტიული ინტერესი ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს.

„ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს ასულდგმულებენ. ამ პირობებში საგამოძიებო კომისიის შექმნა სწორი არ არის და ჩვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ კი კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, პირობას აყენებს.

იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცადა, რომ ასეთი კომისიის შექმნა არ აინტერესებთ და არ მიაჩნიათ, რომ ეს ის საკითხია, რაზეც პარლამენტის საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შევიდნენ და მუშაობა დაიწყონ.

„ხელს არ შევუშლით კომისიას იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე - საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები და მათთან შეკრული ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა", - განაცხადა იაგი ხვიჩიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის" პოზიციას, ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერენ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „ლელო“ უერთდება ამ მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და საზოგადოება იყოს კარგად ინფორმირებული.

„მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არცერთ ასეთ საკითხზე კითხვები არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს და მის მიმართ არაადამიანურ, თუ წამების მოპყრობას.

ცხადია, ამის თაობაზე უნდა გაკეთდეს ძალიან მკაფიო შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან ან კომისიის სახით. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალისხმევა. ჩვენ ამ ძალისხმევას შევუერთდებით. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენს სახელმწიფოზე ფიქრისას არცერთ საერთაშორისო პარტნიორს კითხვები არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო თავის ყოფილ მეთაურს. ამიტომ, როგორც საზოგადოების, ისე საგარეო პარტნიორების ინფორმირების მიზნით პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას. ჩვენ ამ და სხვა მიმართულებით ყოველთვის მოვითხოვდით გამჭვირვალობას და ნებისმიერ მსგავს ძალისხმევას შევუერთდებით", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.