პრემიერი: 44 წელია, საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება

პრემიერი ღარიბაშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშილი საპატრიარქოში იმყოფებოდა.

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს. 44 წელია, საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება.

უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა, და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არამხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება. დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის Facebook პოსტში.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 44-ე წლისთავი აღინიშნა. პატრიარქი 4 იანვარს 89 წლის გახდა.