ადვოკატი მიხეილ სააკაშვილთან დახურულ შეხვედრას ითხოვს

ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილთან კვლავ დახურულ შეხვედრას ითხოვს და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მიმართავს.

„კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობთ. ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს. ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი. ეს ბარიერი სპეციალურად შეიმუშავეს, რომ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაცია, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხისმგებლობა ზურაბ მოდებაძეს ეკისრება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში 28 დეკემბერს დასრულდა და სააკაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელებმა რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანეს.