სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანში ავიაკატასტროფისას დაღუპული მგზავრების ოჯახებს $107 მილიონი უნდა გადაუხადონ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანში ავიაკატასტროფისას დაღუპული მგზავრების ოჯახებს $107 მილიონი უნდა გადაუხადონ. ადვოკატის თქმით, სხვადასხვა ოჯახის წევრებმა დაკარგეს მეუღლეები, და-ძმები, შვილები, ძმისშვილები და დისშვილები, შესაბამისად, შეიტანეს სამოქალაქო სარჩელი ირანისა და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რადგან თვლიან, რომ პასუხისმგებელნი არიან მომხდარზე.

ადვოკატის თქმით, მისი გუნდი შეეცდება, ირანის აქტივების ჩამორთმევას კანადაში და მის ფარგლებს გარეთ. მისივე თქმით, ირანს აქვს ნავთობის ტანკერები სხვა ქვეყნებში და მისი გუნდი შეეცდება, გააჩეროს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა ეს თანხები დაღუპულთა ოჯახებს გადაუხადონ.

2021 წლის შუა რიცხვებში, სასამართლო ექსპერტიზის სპეციალურმა კანადურმა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომელშიც ირანი უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებით არაკომპეტენტურობასა და დაუფიქრებლობაში დაადანაშაულეს. ირანმა გააკრიტიკა ანგარიში და მას პოლიტიზებული უწოდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ის ბოინგი თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 2020 წლის 8 იანვარს დილით ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ისინი ყველა დაიღუპნენ.