უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვარიანტი „ომიკრონი“ გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე და იწვევს უფრო მსუბუქ სიმპტომებს, ვიდრე წინა ვარიანტები. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩვენ ვეცნობით უფრო და უფრო მეტ კვლევას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ აინფიცირებს ზედა სასუნთ გზებს ნაწილს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აბდი მაჰამუდმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
მაჰამუდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონს“ მაღალი გადაცემის უნარი ნიშნავს და ბევრ ქვეყანაში დომინანტი რამდენიმე კვირაში გახდება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება არავაქცინირებული.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა „ომიკრონისთვის“ სპეციფიკური ვაქცინა, მაჰამუდმა აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ დაამატა, რომ გადაწყვეტილება საჭიროებს გლობალურ კოორდინაციას და ეს მხოლოდ კომერციული სექტორის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
ამავე თემაზე: