საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. უწყების ცნობით, ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - აცხადებს სუს-ი.

რადიო თავისუფლების ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი მეექვსედ დააკავეს. მან ცხინვალის ციხეში ერთი წელი თითქმის სრულად მოიხადა და გასული წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს.