"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი", - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, რომ აბონიმენტების შეძენა დღეიდან მეტროს სალაროებში შეიძლება, ხვალიდან კი „საქართველოს ბანკის“ ექსპერს ფილიალებშიც.
„ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ყველა დარწმუნდა, რომ მათთვის, ვინც ძირითადი მომხმარებელია, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება უფასო მათთვის, ვინც შეღავათით სარგებლობს. დანარჩენ 10%-ში მოიაზრებიან ტურისტები და სხვა ის მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. შესაბამისად, მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, მცდარია. ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანო ისიც, რომ თუ ტარიფი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიების შემოსავლები უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოსახლეობაზე სატრანსპორტო დანახარჯს არ ვზრდით“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
ცნობისთვის, კახა კალაძემ 22 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება .