BBC: ევროპის ტატუ არტისტები ევროკავშირის ახალ რეგულაციას ბიზნესის ნაწილობრივ აკრძალვად განიხილავენ

ტატუ არტისტები ამბობენ, რომ ევროკავშირის ახალმა რეგულაციამ ათასობით ქიმიკატზე, რომელიც საღებავების მელნებში გამოიყენება, შეიძლება მათ ინდუსტრიას ზიანი მიაყენოს.

BBC-ს ცნობით, შეზღუდვები, რომლებიც ძალაში 4 იანვარს შევიდა, ეხება ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კიბო ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ეს შეზღუდვა ძირითადად გავლენას მოახდენს ფერად მელანზე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ შემცვლელი მელანი არ არის მარტივად ხელმისაწვდომი და შესაძლოა არ ჰქონდეს ისეთი შედეგი, რაც მომხმარებელს სურს.

„პანდემიით გამოწვეული სირთულეების შემდეგ, ბევრი ბიზნესი ამტკიცებს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო ადაპტაციისთვის. ზოგი ახალ აკრძალვას მისი ბიზნენის ნაწილობრივ აკრძალვად განიხილავს“, - წერს BBC.

ქიმიკატების შესახებ ევროკავშირის განახლებულ რეგულაციებზე 2020 წელს ყველა წევრი ქვეყანა შეთანხმდა. აკრძალვა ეხება 4000 ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის იზოპროპანოლ ალკოჰოლს, ტატუს მელნის საერთო ინგრედიენტს, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შემცვლელები უკვე ხელმისაწვდომია.

ახალი კანონმდებლობის ავტორები ამბობენ, რომ მელანი შეიძლება იყოს სახიფათო, გამოიწვიოს კანის ალერგია და სხვა უფრო სერიოზული გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე.

გერმანელმა დერმატოლოგმა ვოლფგანგ ბაუმლერმა განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 3400 ადამიანი 2010 წელს და დაადგინეს, რომ ორი მესამედი უჩიოდა რეაქციას ტატუირებისთანავე, 6% კი რამდენიმე კვირის განმავლობაში აფიქსირებდა პრობლემებს.

ტატუების ინდუსტრია ამტკიცებს, რომ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც კიბოსთან კავშირზე მიუთითებს. დამატებითი შეზღუდვები ერთი წლის შემდეგ დაწესდება. ევროკავშირმა საშეღავათო პერიოდი ორი ფერისთვის (ლურჯი და მწვანე) შემოიღო, რათა მათ ალტერნატიული საშუალებები მოიძიონ.