ავსტრალიის პრემიერი ვაქცინაციისგან გათავისუფლებაზე ნოვაკ ჯოკოვიჩისგან მტკიცებულებას ელოდება

ავსტრალიის პრემიერის განცხადებით, საჭიროა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში უნდა დაბრუნდეს.

სკოტ მორისონის თქმით, თუ ეს მტკიცებულება არასაკმარისი იქნება, მაშინ სპორტსმენს განსხვავებულად ვერ მოექცევიან და შემდეგი თვითმფრინავით სახლში დაბრუნება მოუწევს.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ შექმნილ ვითარებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ავსტრალიაში, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 90%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.

4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვაქცინაციისგან სამედიცინო მიზეზით გათავისუფლდა.