ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თხევადი გაზის ფასის გაორმაგებას უკავშირდება, ევროკავშირი მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი ესკალაცია.
„მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების აღიარებით, ევროკავშირი მოელის, რომ ის დარჩება არაძალადობრივი და ძალადობის ყოველგვარი წაქეზება თავიდან იქნება არიდებული.
ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას და ძალის გამოყენების პროპორციულობას მისი ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების დაცვისას, დაიცვან მისი საერთაშორისო ვალდებულებები. ყაზახეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ევროკავშირი-ყაზახეთის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, მათ შორის პრესის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
ევროკავშირი ხელს უწყობს სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტას ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური დიალოგისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ოფიციალურად დაგმობას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა გაერთიანება.