ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს ტერორისტული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დახმარების თხოვნით მიმართა. მანამდე, პრეზიდენტმა თოყაევმა სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ბელარუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ასევე შედიან სომხეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

პრეზიდენტმა ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აციებს აგრესიის აქტი და სახელმწიფოს მთლიანობისთვის პირდაპირი საფრთხე უწოდა.

თოყაევმა პროტესტის მონაწილეები ტერორიზმსა და თანამემამულეებზე თავდასხმებში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ აქციებისთვის სპეციალური მომზადება უცხოეთში გაიარეს.

ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყაზახეთის შს სამინისტროში განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეტაკებებისას, პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 317 თანამშრომელი დაშავდა.

ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ფოტო Twitter-დან - ასახულია სავარაუდოდ, ბელარუსის უსაფრთხოების ძალები

საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.

მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო.

მთავრობის შება ალმათიში

მედიაში გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები ამ დროისთვის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნებშია ასევე დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ოფიციალურად დაგმობას მოითხოვენ. მათ ასევე სურთ, რომ ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა გაერთიანება.

ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

ყაზახეთში ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს