ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმა და მის დეპორტაციას აპირებს. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
როგორც ავსტრალიის პრემიერმა დღეს განაცხადა, საჭიროა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში უნდა დაბრუნდეს.
სკოტ მორისონის თქმით, თუ ეს მტკიცებულება არასაკმარისი იქნება, მაშინ სპორტსმენს განსხვავებულად ვერ მოექცევიან და შემდეგი თვითმფრინავით სახლში დაბრუნება მოუწევს.
ნოვაკ ჯოკოვიჩის ირგვლივ შექმნილ ვითარებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ავსტრალიაში, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 90%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.
4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვაქცინაციისგან სამედიცინო მიზეზით გათავისუფლდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი არის სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში. ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 20 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის რეკორდული, 9 ავსტრალიის ღია პირველობა, 6 უიმბლდონი, 3 აშშ-ის ღია პირველობა და 2 საფრანგეთის ღია პირველობა.