კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ნიკოლ ფაშინიანმა ტექსტი Facebook-ზე გაავრცელა.
„ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე და ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის წინაშე წარმოშობილი საფრთხეების საფუძველზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყაზახეთის რესპუბლიკაში შეზღუდული ვადით გაგზავნოს სამშვიდობო ძალები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარებისთვის მიმართა
ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ბოლო ცნობებით, ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ოფიციალური ინფორმაციით, ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.