საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 6 მოქალაქე უკანონო პატიმრობაში რჩება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია და უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე.

მისივე თქმით, გატაცების პირველი წუთებიდან საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ჩართულები არიან თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გატაცებულია [ცხინვალის რეგიონის მიმართულებით] და უკანონო პატიმრობაში იმყოფება, დღესდღეობით, საქართველოს 6 მოქალაქე. მათი გატაცების პირველი წუთებიდანვე საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყველა წარმომადგენელი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმთავითვე ჩართულები ვართ ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო და უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საქმეში.

რა თქმა უნდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.