საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან სამი ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით გაცილებით უფრო აქტიურია.

​„ეს არის როგორც A, ისე B ტიპის გრიპის ვირუსი. შემთხვევები დაფიქსირებულია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. დღეისათვის, იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი სეზონი გრიპის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო აქტიურია. ჩვენ იანვარში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტური მექანიზმია გრიპის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.