საშობაო ღვთისმსახურება ტაძრებში 23:00 საათზე დაიწყება

საშობაო ღვთისმსახურება ტაძრებში 6 იანვარს 23:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქის კურთხევით, ბოლო წლებია, მორწმუნეები შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს ანთებენ.

ცნობისთვის. პანდემიის გამო, „ალილო“ კვლავ განსხვავებული სახით ჩატარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტომანქანებით მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.

საპატრიარქოს ცნობით, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.

ამასთან, მსვლელობა ავტომანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით.

მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა - სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულებას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. წელს, 2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. „მსურველებს შემოწირულებისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 2022 წლის 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“, - იტყობინება საპატრიარქო.