ჯანმოს დირექტორმა ქვეყნები „ცუნამის“ შესახებ გააფრთხილა

ჯანმოში აცხადებენ, რომ COVID19-ის ვარიანტი „ომიკრონი„ წარმოშობს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ვიდრე გლობალურად დომინანტური „დელტა“ შტამი, მაგრამ ეს ვარიანტი როგორც „მსუბუქი“ არ უნდა გამოვყოთ.

ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა მსუბუქი არ არის

ჯანეტ დიაზმა, ჯანმოს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ადრეული კვლევების თანახმად, დაავადების გართულების რისკი შემცირებულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულებში.

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა დელტასთან შედარებით, განსაკუთრებით ვაქცინირებულებში, ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა განვიხილოთ მსუბუქ ვარიანტად“, - თქვა გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

მან ქვეყნები „ცუნამის“ შესახებ გააფრთხილა, რადგან გლობალურად ინფექციების გავრცელების დონე იზრდება და ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია.

„ისევე როგორც წინა ვარიანტების, „ომიკრონის“ გამოც ხდება საჭირო ადამიანების ჰოსპიტალიზაცია და ისიც კლავს ხალხს“, - აღნიშნა გებრეისუსმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.