პატრიარქი: თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება

„ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია, ვკითხულობთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

„ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.

უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი.

თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის განმავლობაში თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად.

გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ).

არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ.

სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი.

ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა.

ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი.

შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს:

აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა!

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი).

ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით ღაღადვყოთ:

დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო!

დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო!

დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო ჩვენო!

თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი“, - წერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეში.